normal_F1933.7

განწმენდის სტადიები შემდეგნაირია:

1)       მაძიებლის ”მე” ცარიელდება და კარგავს ყველა ატრიბუტს;
2)       ღვთის ყველა გახსენებაზე გულის სარკე ჟანგისაგან იწმინდება;
3)       გული ალაჰის ატრიბუტებით ივსება.
4) მაძიებლის ”მე” სრულ არყოფნამდე ნადგურდება და ამას ჰქვია ”ფანა”

” მე ისე ხშირად ვფიქრობდი შენზე,
ბოლოს მთლიანად შენად ვიქეცი.
ზოგჯერ შენ თავად შემოდიოდი ჩემში სიფრთხილით,
ხან კი მე თვითონ გეცლებოდი უხმოდ, უჩუმრად”.

ეს ბოლო მოგზაურობა აბსოლუტური რეალობისაკენ (ჰაკიყათი) შეიძლება ღვთაებრივ უნივერსიტეტში სწავლას შევადაროთ – ”ტავერნა ნანგრევებში” (ხარაბათი).

უმაღლესი განათლების ამ ჭრშმარიტ ცენტრში პროფესორები არ არიან და დამმოძღვრავი აბსულუტური სიწმინდე და სრულყოფილი სიყვარულია. აქ ერთადერთი მასწავლებელი არსებობს – სიყვარული, სახელმძღვანელოების ნაცვლად – სიყვარული და თვით სრულყოფილი ადამიანი, რომელიც თავადაც სიყვარულია.

რადგან ამ უნივერსიტეტში მხოლოდ სრულყოფილი არსება შედის, მასზე არ შეიძლება ითქვას რაიმე განსაზღვრული, რადგან ის უკვე სიტყვათა სფეროს მიღმა იმყოფება.

ამაზე თქვა რუმიმ:

”ფეხის ნაკვალევი ოკეანის ნაპირას მიგვიყვანს,
მერე კი უკვე კვალიც არ რჩება.”

თუ შენ მას სახელით მიმართავ, ის ბაიაზიდის მსგავსად გიპასუხებს: ”მე ის მრავალი წლის წინ დავკარგე. რაც მეტად ვეძებ, მით ვერ ვპოულობ”.

თუ რელიგიის შესახებ შეეკითხები, ის რუმის მსგავსად გიპასუხებს:

”შეყვარებულის რელიგია ღმერთის რელიგიაა
შეყვარებულისათვის რელიგია და სამშობლო ღმერთია”.

და თუ ცხოვრების შესახებ ჰკითხავ, ის ბაიაზიდის მსგავსად გიპასუხებს:

”ჩემი სამოსის ქვეშ ალაჰის გარდა, არაფერია” ; და თუ მოვუსმენთ, რას ამბობს ეს სრულყოფილი ადამიანი – ის ხალაჯივით მღერის: ”მე არს ჭეშმარიტება”.

ეს სიტყვები მხოლოდ სრულყოფილმა არსებამ შეიძლება წარმოთქვას – მან, ვინც საკუთარი ”მე” დაკარგა და ალაჰის საიდუმლოდ გადაიქცა, რადგან ყველაფერი, რასაც ის ხედავს და წარმოთქვამს, ღვთის თვალებით, ყურებითა  და ბაგეებით ხდება.