dervishes_large

ზემოთ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ მაძიებელი (ტალიბი) ოსტატის ძებნას მაშინNიწყებს, როცა საკუთარ არასრულყოფილებას იგრძნობს და სრულყოფილებისკენ სწრაფვის, სრულყოფილების მიღწევის სურვილი უჩნდება. მაძიებელი ოსტატს რომ იპოვის, იგი მის ნებას ემორჩილება და მისი მორიდი (მოწაფე) ხდება; Eემორჩილება, რათა სრულყოფის ეტაპები გაიაროს და საბოლოოდ სრულყოფილი ადამიანის  მდგომარეობას მიაღწიოს. სულიერ კავშირს მოწაფესა და ოსტატს შორის ირიდათი ეწოდება.

სიტყვა ირიდათის პირდაპირი მნიშვნელობა ნდომა, ნება ან განზრახვაა. მაგრამ სუფიები ამ სიტყვაში მოწაფის მიერ ოსტატისათვის ნების უპირატესობის მინიჭებას გულისხმობენ. ირიდათი ოსტატის ნების წინაშე საკუთარი ნების უარყოფაა. მორიდი სიტყვასიტყვით ნიშნავს ”ადამიანს, რომელსაც საკუთარი ნება აქვს”, თუმცა სუფიები პარადოქსალურად განმარტავენ მას და მორიდად ის მიაჩნიათ,  ვისაც საკუთარი ნება არ გააჩნია; და ვიდრე  ადამიანი საკუთარ ნებას არ უარყოფს, მას არ შეიძლება მორიდი ეწოდოს.

სრულყოფილ ოსტატთან შეხვედრა, მორიდის ძიების გარდა, იმაზეა დამოკიდებული, შეიცნობს თუ არა ის მასში ოსტატს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მორიდისა და მორადის შეხვედრა უმეტესად გაუცნობიერებელი აქტია. ამგვარი საკითხები წმინდა სულიერი თვისებებით ხასიათდება და, როგორც წესი, გულის დონეზე წყდება. სულიერ ფსიქოლოგიაში სუფიები არაცნობიერის ორ ძირითად სახეს გამოყოფენ _ გულისმიერ თვისებებს (დელი) და თვისებებს, რომლებიც მბრძანებელ სულს განსაზღვრავენ  ”ნაფსე ამარა”. ითვლება, რომ გული ღვთის ნაბოძებია. იგი მსგავსია სარკისა, რომელსაც ბუნებრივი და მატერიალური სამყაროს ჟანგი უნდა ჩამოერეცხოს, ვიდრე ის ისე არ გაკრიალდება, რომ ჭეშმარიტება აირეკლოს. მეორე მხრივ, “ნაფსე ამარა” ითვლება ძალად, რომელიც აუცილებლად ნაფსე ლავვამად (ბრალმდებელ სულად) უნდა გარდაიქმნას. საბოლოოდ ის გარდაიქმნება ნაფს ი მოთმინად (დამშვიდებულ სულად), იმისთვის, რომ  ჭეშმარიტებასთან დაბრუნების შესაძლებლობა მოიპოვოს.

სუფიებმა ეს ჭეშმარიტება ყურანის ლექსიდან მოიძიეს: ”შენ, გულო, დამშვიდებულო, დაუბრუნდი შენს ღმერთს კმაყოფილი და კმაყოფილებამოპოვებული.” (89/27-28)

გულში ბინადრობს სიყვარული (ეშქე), მოწყალება, თავგანწირვა, სულიერი რაინდობა, სიწმინდე და დიდსულოვნება. ამაზეა საუბარი წინასწარმეტყველის ჰადისში ”გული შემწყნარებლის ორ თითს შუა არის მოთავსებული” მეორე მხრივ, ხორციელი საფშვინველიდან  ცხოველური მისწრაფებები, აგრესიულობა, სამდაბლე და სიბილწე აღმოცენდება. სწორედ ამ სულზეა ნათქვამი ყურანში ”სული (ამარა) ბოროტებისაკენ გვიბიძგებს, თუ არ შემიწყალებს ღმერთი ჩემი” (ყურანი 13/53)
თარიყათის დისციპლინა და სულიერი მეთოდი თანდათან ასუფთავებს გულს, აძლევს მას საშუალებას, გამოამჟღავნოს თავისი სულიერი ღირსებანი და ამავროულად გრდაქმნას ის ნაფსე ლავვამად. აი, რატომ ამბობდნენ გამოჩენილი სუფიები: ”სუფიზმი  ეს მსახურებისთვის სულის გაწირვაა, (ობუდია) ხოლო _ გულის ღვთის მსახურებასთან დაკავშირება (რობუდია)”.

Advertisements