edioldmanfe02ამ სკოლაში ორი ფაზა არსებობს ფანა (გაქრობა) და ბაქა (მარადყოფნა).  ფანას მიღწევა  ქარაბათის მდგომარეობაში შესვლის ტოლფასია, რასაც სუფიები – ”ტავერნა ნანგრევებს შორის” უწოდებენ.

ჩვენ უკვე ვთქვით, რომ თარიყათის ბოლოს მოწაფე ღვთის ხილვის მდგომარეობას აღწევს. ეს არის ფანას ანუ თვითობის სიკვდილის (გაქრობის) სტადია. არსებობს ორი სახის  ფანა _ გარეგანი და შინაგანი.

გარეგანი ფანა _ არის მდგომარეობა, როდესაც მიმდევრის ქმედებები ღვთიური ნების გამოვლინებას ერწყმის. მიმდევარი აღწევს საფეხურს, როდესაც იგი ღვთაებრივ ქმედებათა ზღვაში ისე იძირება, რომ ყველაფერში, რაც ხდება, ის ხედავს _ არა საკუთარ ან სხვა ადამიანთა, არამედ ღვთის ნებას. ამ სტადიაზე ის სრულიად მოკლებულია თავისუფალ ნებას.

შინაგანი ფანა _ სუფის საკუთარიAატრიბუტებისა და ყოფიერების გაქრობაა. ამ საფეხურზე ის დროდადრო ჭვრეტს ღვთაებრივ ატრიბუტებს,  რომლებშიც  მისი საკუთარი ატრიბუტებია განზავებული; ზოგჯერ ის ღვთიურ ყოფაზე მედიტირებს, და ამით  მისი საკუთარი ყოფაც განუყოფლად ერწყმის ღვთიურს.

შინაგანი ფანას საწყის ეტაპზე მოწაფე კარგავს ყოველგვარ შეგრძნებას; მაგრამ თანდათან, საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ყოფიერებამ არსებობა შეწყვიტა, ის გარე სამყაროს აღქმას იწყებს. ის შინაგანი მდგომარეობით ღმერთშია განზავებული, თუმცა თვალსაჩინოდ სამყაროში იმყოფება და სრულიად აცნობიერებს, თუ რა ხდება მის გარშემო.

ბაქა _ ღმერთში მარადყოფნას ნიშნავს და მიიღწევა მაშინ, როდესაც ღმერთი მოწაფეს ახალ ნებას უბოძებს, უშუალოდ თავისას _ სულიერ გზაზე დაკარგულის საზღაურად.

ამგვარი ყოფნა ანუ ”უცვლელობა” შინაგანი გაქრობის სანაცვლოდ მიიღწევა. ის მიმდევრის ყოფიერებისა და იმ ატრიბუტების გაქრობაში მდგომარეობს, რომლებიც ფარდასავით ყოფს მას რეალობისგან.

ამ უაღრესად მაღალ საფეხურზე ღმერთი უკვე აღარ წარმოადგენს საფარს, რომელიც სუფის სამყაროს უფარავს, ისევე, როგორც  თავად სამყაროც აღარ ფარავს მისთვის ღმერთს. უკვე აღარ არსებობს არავითარი გაყოფა და გაორება _ მისთვის სამყარო მთლიანდება.