vali

ისევე, როგორც სხვა სუფიური ორდენები, ნიმათულლახის ორდენი  სულიერი მემეკვიდრეობის ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია, რომელიც საწყისს ისლამის სათავეებიდან იღებს და, რომელშიც წინასწარმეტყველი სუფიზმის პირველ მოძღვრად ითვლება.

ორდენის სახელწოდება შახ ნიმათულ-ლა ვალის სახელიდან მოდის. ორდენი მან დააარსა მე-14 საუკუნის ბოლოს. შახი ნიმათულ-ლა ირანის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სუფიზმის ოსტატად ითვლება.

შახი ნიმათულ-ლა 1330 წელს (731 ხიჯრით) ალეპოში, სირიაში დაიბადა. მამამისი მირ აბდულა თავადაც სუფი ოსტატი იყო სულიერი მემეკვიდრეობის ჯაჭვში, რომელიც სათავეს წინასწარმეტყველიდან იღებს.  დედამისი სპარსული არისტოკრატული გვარის წარმომადგენელი იყო სამხერთ ირანიდან. შახი ნიმათულ-ლა  ბევრს მოგზაურობდა ისლამურ ქვეყნებში, გამოჩენილ ოსტატებს ხვდებოდა და აზროვნების სფეროში თავის დროის უმნიშვნელოვანეს მიღწევებს ეზიარებოდა, განსაკუთრებით იბნ არაბის ფილოსოფიურ შეხედულებებს.  მან დიდი ყურადღებით შეისწავლა იბნ არაბის ”ფუსულს ალ-ჰაქიმ” (“სიბრძნის გემმები”) და  მოგვიანებით ამ წიგნის კომენტარებიც დაწერა.

მოგზაურობის პირველი პერიოდის დასასრულს ის მექაში შეიხ აბდულა იაფის შეხვდა და მისი მოწაფე გახდა. შვიდწლიანი მოწაფეობის  შემდეგ იწყება შახ ნიმათულ-ლას ისლამურ ქვეყნებში მოგზაურობის მეორე პერიოდი. თუმცა, ამჯერად ის მოგზაურობს  არა  როგორც მაძიებელი, რომელსაც სრულყოფილი მასწავლებლის პოვნა სწადია, არამედ  როგორც სრულყოფილი ოსტატი სხვათა სულიერი წყურვილის დასაოკებლად.

მოგზაურობის ამ მეორე პერიოდში შახი ნიმათულ-ლა თავიდან ეგვიპტეს სტუმრობს, მერე გადაინაცვლებს ტრანსოკსიანისკენ და სამარყანდის მახლობლად, შახრისიაბზეში სახლდება. სწორედ იქ შეხვდება ის დიდ დამპყრობელ თემურ ლენგს, რომელიც ვერ შეძლებს შახი ნიმათულ-ლას სათანადოდ შეფასებას; და  მასთან უთანხმოების თავიდან ასაცილებლად შახი ნიმათულ-ლა გადაწყვეტს, დატოვოს შახრისიაბზი და ჰერათში მიემგზავრება. აქედან ის მეშქეთში გადადის და გარკვეული დროით ბიაფთში, ქალაქ იეზდის მახლობლად ფუძნდება; შემდეგ ცოტა ხნით ის ქემრანში გადადის, ქუხბანანში ცხოვრობს, და ბოლოს და ბოლოს ის მეხანის შემოგარენში დასახლდება, სადაც ცხოვრების დარჩენილ 25 წელიწადს ატარებს.

მეჰანში ყოფნის პერიოდში, შახ ნიმათულ-ლასთან ქვეყნის ყველა კიდიდან ჩასული მომლოცველების წყალობით, მისი სახელის დიდება ირანის და ინდოეთის ყველა მხარეს მოედო.

შახმა ნიმათულ-ლამ თითქმის 100 წლამდე იცოცხლა. ის გარდაიცვალა 1431 წ. (834 წ. ხიჯრით)  და დაკრძალულია მეჰანში.

შახ ნიმთულ-ლას მოწადინებით, სუფიზმისა და სუფიების მიმართ ინტერესმა და პატივისცემამ იმატა, რამაც, საერთო ჯამში, ისლამის კულტურა გაამდიდრა, განსაკუთრებით  ირანში.

ბევრ მოწაფეს, სწავლებისა და წარმართვის  გარდა, ის მიწათმოქმედებაში პროფესიული მოღვაწეობის, როგორც თვითდისციპლინის საუკეთესო ფორმის,  მაგალითსაც აძლევდა

მისი ცხოვრება თვალსაჩინო მაგალითი იყო იმისა, რომ საზოგადოებისთვის გაწეული სამსახური და ადამიანებისადმი კეთილი დამოკიდებულება გულის გასუფთავებისა და თვითგანწმენდის უმოკლესი გზაა.

მისი მიმდევრები ღმერთისთვის თავის მიძღვნას საზოგადოების შუაგულში ცხოვრებით სწავლობდნენ, პრაქტიკულად ახორციელებდნენ პრინციპს ”განმარტოება სხვების თანდასწრებით”.

მისი მაგალითის შემყურე მოწაფეები არ მისდევდნენ განდეგილობას და განმარტოებას როგორც სულიერი პრაქტიკის  ძირეულ ფორმას და შემოქმედებითი მოღვაწეობით აღსავსე ცხოვრებას ამჯობინებდნენ.

სწორედ აპათიურობისა და ლეტარგიულობის მიმართ შახი ნიმათულ-ლას უარყოფითი დამოკიდებულება გახდა იმის მიზეზი, რომ მისი მოწაფეები ოპიუმსა და ჰაშიშს არ იყენებდნენ; და ეს მაშინ, როდესაც ნარკოტიკებს საყოველთაოდ მოიხმარდნენ ჩვეულებრივი ადამიანებიცა  და სუფიებიც.

შახი ნიმათულ-ლას მიერ შემოღებული კიდევ ერთი სიახლე, რომელიც მისი მოწაფეებისთვის აუცილებელ პროფესიულ მოღვაწეობას უკავშირდებოდა, ის იყო, რომ მათ აკრძალული ჰქონდათ, გამოჩენილიყვნენ საზოგადოებაში ისეთი გამორჩეული ტანისამოსით, რომელიც ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობდა. მისი თვალსაზრისით, შინაგანი სრულყოფის გზაზე სუფი თავისუფალი უნდა იყოს ყველა სახის მოჩვენებითი ღვთისმოსაობისა და პრეტენზიულობისგან;  ის ”უფერულად” ყოფნას უნდა ცდილობდეს. შახი ნიმათულ-ლასათვის კეთილშობილება ღვთის ატრიბუტების ძიებაში მდგომარეობს და არა განსაკუთრებული  სახის სამოსისთვის უპირატესობის მინიჭებაში. შახი ნიმათულ-ლა გულუხვი იყო არამარტო ყველა მაძიებლის, მოწადინებულისა და საკუთარი მიმდევრების მიმართ,  არამედ პატივს სცემდა ყველა ნაციისა და წარმოშობის ადამიანს, ასევე  თავისი დროის ყველა სხვა სუფიური ორდენის წარმომადგენლებს.  მათ, ვინც თავის მოღვაწეობას სისუფთავისა და ერთგულების მცნებებზე აგებდა.

შახი ნიმათულ-ლა ასწავლიდა თავის მიმდევრებს, არ გაემიჯნათ შარიათი თარიყათისაგან, რადგან სწამდა, რომ ჭეშმარიტება (ჰაქიყათი) მხოლოდ ამ ორის შერწყმით მიიღწევა.

ნიმათულ-ლაჰის ორდენი შახი ნიმათულ-ლას სიცოცხლეში ცნობლი და გავლენიანი იყო,  სუფიზმისადმი მისეული მიდგომისა და მისივე მაღალი სულიერების გამო.

ორდენ ნიმათულ-ლაჰის შემდგომი ოსტატებიც აგრძელებდნენ სოციალური და სულიერი ცხოვრების შერწყმის ამ ტრადიციას.   მთლიანობაში ორდენ ნიმათულ-ლაჰის სულიერი მეთოდიკის საფუძველს წარმოადგენს: ღვთის მოხმობა, გახსენება (ზექრი), განსჯა (ფიქრი), თვითანალიზი (მოჰასებე), მედიტაცია (მორაყებე) და ლიტანია (ვირდი).

გარდა ამისა, ორდენისთვის უმნიშვნელოვანესი სულიერი ცენტრების (ხანეგების) მართვასთან დაკავშირებული სოციალურ-ეთიკური ასპექტები, ასევე  გარკვეული წესები და დადგენილებები ამგვარია:

ა) განდეგილობაზე უარის თქმა და სხვების თანდასწრებით შინაგანად განმარტოებისთვის უპირატესობის მინიჭება; თუმცა, არსებობს გარკვეული გამონაკლისები.  მაგალითად, როდესაც განმარტოება  საჭიროა, როგოც ინდივიდუალური თერაპიული  საშუალება ფსიქიკური გაჯანსაღებისთვის;

ბ) ჰაშიშისა და ყველა იმ ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების მკაცრი გაკიცხვა, რომლებიც შეჩვევას იწვევს.

გ) სუფიებს მოეთხოვებათ კონსტრუქციული საქმიანობა და უსაქმოდ ყოფნაზე უარის თქმა;

დ) ჩვეულებრივი ტანსაცმლის ტარება – იმისათვის, რომ  ადამიანი არ გახდეს განსაკუთრებული ყურადღების საგანი და არ გაუჩნდეს მიდრეკილება ისეთი საქციელისადმი, რომელიც გამიზნულია სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად

ე) გულითადი დამოკიდებულება ნებისმიერი ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანთა მიმართ, ასევე  ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისი ცხოვრებაც ღვთის ქმნილებებისადმი სიკეთით არის განმსჭვალული.

ვ) ორდენის ოსტატი და შეიხები ხელდასხმას აძლევენ და მოძღვრავენ ყველა ღირსეულ მაძიებელს და არავის უარყოფენ;

ზ) ორდენის შეკრებებზე უპირატესობა ენიჭება   “გულის ზექრს”,  “ვოკალიზებულ ზექრთან” შედარებით.

თ) ორდენის წარმომადგენლები იცავენ მშვიდობას ძმობასა და თანასწორობას. არ არის განსხვავებული მიდგომა ქალებისა და მამაკაცების მიმართ.

ი) ორდენის ოსტატი და შეიხები არ იღებენ ფულს თავიანთი მიმდევრებისგან და არ უზრუნველყოფენ მათ. მთლიანობაში მოწაფეებს არ მოეთხოვებათ რეგულარული გადასახადი, და თუ რაიმე ინდივიდუალური შენატანი კეთდება, ის მთელი გაერთიანების საჭიროებებს ხმარდება.

კ) ხანეგების სულიერ და ფინანსურ საქმეებს, ჩვეულებრივ, წარმართავენ  შეიხები, რომელთაც ოსტატი აკვალიანებს.

იმ შემთხვევაში, როდესაც შეიხი ადგილზე არ იმყოფება, ოსტატი განსაზღვრავს, თუ ვინ წარმართავს ამ საქმეებს.

ლ) ხანეგა – ეს არის არაკომერციული, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ყველა მის წევრს ეკუთვნის. ხანეგას ორდენის ოსტატები და შეიხები მართავენ, იმ ქვეყნის კანონების გათვალისწინებით, რომელშიც ის არის.

მ) გარკვეული შემთხვევებისთვის, მაგალითად, ოსტატთან ან შეიხთან ერთად ტრაპეზის ან მოგზაურობის დროს მსახურებისათვის საგანგებოდ ირჩევენ ადამიანებს. ამგვარი არჩევანისას კრიტერიუმს წარმოადგენს მოწაფის სულიერი განვითარების საფეხური. ნიმათულ-ლაჰის დერვიშები მსახურებას სულიერი სრულყოფის შესძლებლობად მიიჩნევენ.

ნ) ერთად შეკრების ან ერთად ცხოვრების დროს სუფიების ურთიერთდამოკიდებულება თანასწორობაზეა დაფუძნებული _ კერძოდ, სუფის არ აქვს უფლება, უბრძანოს სხვა სუფიებს; ხოლო თითოეულის წვლილი მათივე შესაძლებლობებით განისაზღვრება.

შახი ნიმათულ-ლას გარდაცვალების შემდეგ ორდენის ოსტატები მე_18 საუკენის ბოლომდე (ხიჯრის 12 საუკ.) ინდოეთში ცხოვრობდნენ. 1775 წელს ( ხიჯრის 1190) კი, საიდ მასუმ ალი შახ დაქანის ირანში გადასვლის გამო, ორდენის ცენტრი კვლავ ირანში დაბრუნდა.

ბოლო დრომდე ნიმათულ-ლაჰის ორდენი მხოლოდ ირანში არსებობდა, ნიმათულ-ლახის სუფიათა უმრავლესობაც ირანელი იყო და ირანშივე ცხოვრობდა.

ოსტატი ჯავად ნურბახში ორდენის ქუთბი (ოსტატი) გახდა 1953 წელს, როდესაც მისი მოძღვარი მუნის ალი შახ დხორ -რიიასათაინი  გარდაიცვალა.

მომდევნო 35 წელიწადში დოქტორ ნურბახშმა ირანში 100 მდე ხანეგა, მრავალრიცხოვანი ბიბლიოთეკა და მუზეუმი დააარსა.

1970 მე 20 საუკუნის 70- იან წლებში, ირანში გამოჩნდნენ ამერიკელები და ევროპელები, რომლებიც ორდენ ნიმათულ-ლახის წევრები გახდნენ. მათი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იქაც გაჩნდა მათთვის შეკრების ადგილების არსებობის აუცილებლობა. ამასთან დაკავშირებით 1975 წელს სან ფრანცისკოში დაარსდა ირანის საზღვრებს გარეთ არსებული პირველი ხანეგა.

მას შემდეგ დაფუძნებულია 8 ხანეგა აშშ-ში და სამი _ დასავლეთ ევროპაში. ეს სულიერი ცენტრები იქმნებოდა, როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციები და მათ ფინანსურ მდგომარეობას ინსპექტირებას უწევდნენ ის სახელმწიფო სამსახურები, რომლებიც პასუხს აგებენ მსგავს ორგანიზაციებზე.

თითოეული ხანეგის ფინანსურ ხარჯებს იქ მცხოვრები სუფიები ისტუმრებენ.  ეს ხარჯები მათი ყოველთვიური შენატანიდან იფარება, Dდანარჩენი თანხა კი ახალი ხანეგების მოწყობას ხმარდება.

დოქტორი ნურბახში ლონდონში ცხოვრობს. ის მთელი მსოფლიოდან ჩასულ ადამიანებს მასპინძლობს და აქვეყნებს ლიტერატურას სუფიზმზე.